ნატო ვაჩნაძის პრემია
ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წლის შემდეგ ისტორიას შემორჩა მისი „სილამაზის ლეგენდა“, მაგრამ ცოტამ იცის პირველი კინოვარსკვლავის ნამდვილი ამბავი. სწორედ ეს „ლეგენდა“ აქცევს ჩრდილში ნატოს პროფესიონალიზმსა თუ ცხოვრებისეულ ქარტეხილებს, არადა მისი ფიგურა გაცილებით მრავალშრიანია ვიდრე მხოლოდ იმდროინდელი ლამაზი ქალის სტატუსი.
ნატო ვაჩნაძე 16 წლიდან მუშაობდა, ჯერ ასანთის და შემდეგ ბორბლების ფაბრიკაში. სახლში მუსიკას ასწავლიდა ბავშვებს და ასე არჩენდა ოჯახს და საკუთარ თავს. ეკრანზე აღმოჩენისთანავე, ჯერ კიდევ 19 წლისამ, პირველი ხელფასით უმცროსი და-ძმა თბილისში გადაიყვანა საცხოვრებლად, სადაც სკოლაში სწავლის დასრულებას შეძლებდნენ
ნატო და მისი 3 და-ძმა, მამის – გიორგი ანდრონიკაშვილის – ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ დედამ, ეკატერინა სლივიცკაიამ გაზარდა. იგივე განმეორდა ნატოს შემთხვევაშიც: ნიკოლოზ შენგელაია 41 წლის ასაკში გარდაიცვალა და ნატო იქცა დიდი ოჯახის დედაბოძად.
1937 წელს ნატოს უმცროსი და, კირა ანდრონიკაშვილი გადაასახლეს, ხოლო მისი ქმარი მწერალი ბორის პილნიაკი დახვრიტეს.
იშვიათად ახსენებენ, თუმცა სიმართლეა, რომ სწორედ ნატო ვაჩნაძის წარმატების დამსახურებით აშენდა საქართველოში კინოსტუდია და გაორმაგდა ფილმწარმოება. მისმა ფიგურამ შეცვალა მუნჯი კინოს მთელი კლიმატი და ქართული კინო საბჭოთა კავშირის რუკაზე დაიტანა.
წლების შემდეგ, კინემატოგრაფისტთა ჯგუფს სურვილი აქვს, კინოსტუდიას ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქვას, თუმცა კინემატოგრაფისტთა სხვა ჯგუფი უარზეა: რატომ უნდა ერქვას სტუდიას ქალი მსახიობის სახელი?!
ამ და სხვა მიზეზების გამო „ნატო ვაჩნაძის პრემია“ გაიცემა ნებისმიერ სფეროში. ესეც ნატო ვაჩნაძის უცნობი მხარის გამოძახილია: დამოუკიდებელი, პროფესიონალი ქალის ისტორია.
ამ პრემიის მიზანია ქალთა ხმების გაძლიერება და ქალი პროფესიონალების დაფასება. სწორედ იმ ქალების, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა დარგს, სფეროს, და თავად წარმოადგენენ ახალი თაობის სტიმულს, მხარს უჭერენ და გამბედაობას უნერგავენ ახალგაზრდა ქალებს, რომ გახდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები.
პრემიის შესახებ
პრემია ქალთა ხმების გასაძლიერებლად. სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ნატო ვაჩნაძის პრემიას გასცემს ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭო.
საბჭოს საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქალი პროფესიონალი, რომელსაც მოცემულ წელს გადაეცემა პრემია.
ნატო ვაჩნაძის პრემიის მფლობელს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება გადასცემს ფულად ჯილდოს: 5000 ლარს.